logo
ENG



ლელო: რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტაა

01 ნოე 202120:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/01/vb57ytmr1b61fdl.jpg

პარტია ლელო საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. 

ლელოში ამბობენ, რომ "მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა დღითიღე მძიმდება და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს".

როგორც ლელოს განცხადებაშია ნათქვამი, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად. 

"მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის კატეგოიული მოთხოვნის და რეკომენდაციებისა, მიუხედავად ქართული საზოგადოების ცნობილი წევრებისა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართვისა, მიუხედავად სახალხო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ღიად გაცხადებული პოზიციისა, ხელისუფლება არ იღებს მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას. 

რაც ახლა მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასთან და სამართალთან. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში. თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად, რაზეც შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ქვეყანას კი სამუდამო დაღად დააჩნდება ისტორიის მოკლე მონაკვეთში უკვე მეორე პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვა და ამაზე პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ჩუმი თანხმობა", - აცხადებენ პარტიაში. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 32 დღეა, ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა